თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ.
თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის :
” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”